წამალი თამბაქოს წინააღმდეგ

                გარდა ტკბილი სიტყვისა, ექიმებს საკმაოდ ძლიერი ფარმაკოლოგიური იარაღიც მოგვეპოვება. თამბაქოს დამოკიდებულების სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი ეფექტური მედიკამენტი. ექსპერტები გვირჩევენ, დავნიშნოთ ისინი ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი მიღება უკუნაჩვენებია, ანდა არა გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულება განსაზღვრულ პოპულაციაში (მაგალითად, ორსულებში, არამწეველ თამბაქოს მომხმარებლებში, მსუბუქ მწეველებში, მოზარდებში) მათი ეფექტიანობისშესახებ.
               მოწევის მიტოვების გასაადვილებლად პირველი რიგის შვიდი მედიკამენტია მოწოდებული. აქედან ხუთი ნიკოტინის შემცველია (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი/პულვერიზატორი, სალბუნი/პლასტირი), დანარჩენი ორი კი ნიკოტინს არ შეიცავს. ბუპროპიონი-SR გახანგრძლივებული მოქმედების ანტიდეპრესანტია. მოქმედებს ტვინის იმ რეცეპტორებზე, რომლებიც ნიკოტინის “მოთხოვნაზე” აგებენ პასუხს და ამით ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს ამცირებს.
 ვარენიკლინი ახალი პრეპარატია, მოქმედებს ტვინის ნიკოტინის რეცეპტორებზე და, ერთი მხრივ, აღძრავს იმგვარ ფიზიკურ სიამოვნებას, რომელსაც მწეველი მოწევისას განიცდის, მეორე მხრივ კი ასუსტებს აღკვეთის სინდრომს. ყოველი მათგანი რეალურად ზრდის მოწევის აბსტინენციის (თავის შეკავების)ხანგრძლივობას.
             ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე, რითაც ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის იმ რისკებზე, რომელიც ასოცირდება თამბაქოს მოხმარებასთან და ახდენს თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო ეფექტური პოლიტიკის პროპაგანდას. თამბაქოს მოხმარება გლობალური სიკვდილიანობის მეორე მიზეზია (ჰიპერტენზიის შემდეგ) და დღესდღეობით, ყოველი 10 ადამიანიდან ერთის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
           2010 წლის ამ დღის თემას წარმოადგენს – გენდერული ფაქტორი და თამბაქო, ქალებში მარკეტინგზე ყურადღების გამახვილებით. ჯანმო ამ დღეს გამოიყენებს განსაკუთრებით იმ საზიანო შედეგების საჩვენებლად, რომელიც უკავშირდება თამბაქოს მარკეტინგსა და მოწევას ქალებსა და გოგონებში.
           მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მომხმარებლებს შორის მამაკაცები ბევრად აღემატება ქალებს (ქალები მწეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს), არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზოგ ქვეყნებსა და რეგიონებში შეიმჩნევა თამბაქოს მოხმარების ეპიდემიის ზრდა გოგონებს შორის.
              ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე დააწესა 1987 წელს, რათა მსოფლიო  საზოგადოების ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისათვის და მისი მომაკვდინებელი შედეგებისადმი. ეს დღე ხელს უწყობს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ზომების პროპაგანდას და თამბაქოს კონტროლზე ჯანმოს ჩარჩო ხელშეკრულების კონვენციის განხორციელებას. საზოგადოებისათვის თამბაქოს მოწევა რიგით პირველ ეპიდემიას წარმოადგენს, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.



No comments:

Post a Comment